Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების" შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მა, რომელიც  Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის.

გამოძიების ინიციატორი იყო რუსეთის მხარე. Nord Stream AG-ს აქციების 51% ეკუთვნის „გაზპრომს“, რომელიც ორივე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მფლობელია.

ცალკე გამოძიებას ატარებენ ასევე შვედეთი, დანია და გერმანია, რომელთა ტერიტორიებზეც გადის გაზსადენი. ერთობლივი გამოძიების შესახებ ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ერთი მილი, მწყობრიდან სექტემბრის ბოლოს გამოვიდა. 

ახლომდებარე ქვეყნების სამონიტორინგო სამსახურებმა სეისმური აქტიურობა დააფიქსირეს ავარიის რაიონში, რაც აფეთქებების ვარაუდის საშუალებას იძლევა.

„ჩრდილოეთის ნაკადი“ გერმანიაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-იც რუსეთის გაზის ევროპაში ექსპორტისთვის აშენდა, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ამის შედეგად ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გაზსადენი ექსპლუატაციაში არ შესულა.

ავარიის მომენტისთვის ევროპაში „გაზპრომის“ განცახდებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება, ტექნიკური მიზეზებით შეწყდა. 


სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. 

The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.